საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ადის-აბებას ეროვნულ მუზეუმში ქართულ ანბანთან და ქართულ ენასთან დაკავშირებული გამოფენა

2015 წლის 4 დეკემბერს, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ქ. ადის-აბებას ეროვნულ მუზეუმში გამართა ქართულ ანბანთან და ქართულ ენასთან დაკავშირებული გამოფენა.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს შორის იყვნენ ადის-აბებაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ეთიოპიის საგარეო საქმეთა, კულტურის და სხვა სამინისტროების თანამშრომლები, აფრიკის კავშირის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ხელოვნების სფეროში დასაქმებული პირები.

ღონისძიების გახსნისას, დამსწრეთ სიტყვით მიმართა ეთიოპიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა და მუზეუმის დირექტორმა ქალბატონმა მამიტუ იელმამ. თავის გამოსვლაში, ელჩმა ყურადღება გაამახვილა ქართული ენის და ანბანის თავისებურებებზე და მის გამორჩეულ ადგილზე ევროპულ და მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში. აღინიშნა ისიც, რომ ქართული დამწერლობა წარდგენილია იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მოსაპოვებლად.

გამოფენის მსვლელობისას სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ასევე ეხილათ საქართველოს შესახებ გადაღებული სარეკლამო რგოლებიც. ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრეებს შორის, რის შესახებ მეტყველებს დასმული კითხვების რაოდენობა.

გამოფენის შემდეგ გაიმართა მიღება, რომელზეც მოსულ სტუმრებს საელჩო გაუმასპინძლდა  ქართული ღვინით.