საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ეთიოპიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა ჯიბუტის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ისმაილ ომარ გელეს რწმუნებათა სიგელი გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა (რეზიდენციით ეთიოპია) რწმუნებათა სიგელი გადასცა ჯიბუტის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ისმაილ ომარ გელეს, რის შემდეგაც გაიმართა ელჩის შეხვედრა პრეზიენტთან.

ელჩმა პრეზიდენტს  ინფორმაცია მიაწოდა საქართველოსა და  რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. ვახტანგ ჯაოშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მონაწილეობას მსოფლიოს, მათ შორის აფრიკის კონტინენტზე - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში.

ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის სურვილს, გააღრმაოს ურთიერთობები აფრიკის ქვეყნებთან. მან პრეზიდენტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს გატარებული რეფორმებზე და  გამოცდილების გაზიარების კუთხით  თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

ჯიბუტის რესპუბლიკის პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ჯიბუტი ყოველმხრივ უჭერს მხარს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. მან ელჩს წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში და აღნიშნა, რომ ჯიბუტის ხელისუფლება  ხელს შეუწყობს ორქვეყანას შორის არსებული კავშირების გაღრმავებას.

ვახტანგ ჯაოშვილი პირველი ქართველი ელჩია, რომელიც ჯიბუტიში იქნა აკრედიტირებული.

პრეზიდენტთან შეხვედრამდე გაიმართა ელჩის შეხვედრა ჯიბუტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაჰმუდ ალი იუსუფთან, რომელსაც ვახტანგ ჯაოშვილმა გადასცა რწმუნებათა სიგელის ასლი. შეხვედრისას განხილულ იქნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში  თანამშრომლობის საკითხები.