საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში გამართული აფრიკის კავშირის აღმასრულებელი საბჭოს (მინისტერიალის) 28-ე სესიაში მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრა გამართა ეთიოპიის მხარესთან. 

შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს. 

მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ, ხოლო ეთიოპიის მხრიდან  - ეთიოპიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელჩმა ტაიე ატსკე-სელასიემ. 

მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის, ასევე  საერთო ინტერესის მქონე რეგიონალური და გლობარული საკითხების სფეროებში.  აღნიშნული მემორანდუმი ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.  

ვიზიტის ფარგლებში შედგა დავით ჯალაღანიას გაცნობითი შეხვედრა ეთიოპიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დოქტორ თედროს ადჰანომ ღებრეიესუსთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ხელმოწერილი მემორანდუმის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. დავით ჯალაღანიამ დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა მინისტრს მისთვის ხელსაყრელ დროს უმასპინძლოს საქართველოში.