
21 სექტემბერს ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა რწმუნებათა სიგელი გადასცა სომალის ფედერაციის პრეზიდენტს, ჰასან შეიხ მოჰამუდს.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას სომალისთან კავშირების გამყარებისთვის გადადგმული ამ ნაბიჯის გამო, მიესალმა არარეზიდენტი ელჩის დანიშვნას და აღნიშნა, რომ მოგადიშუ მეტად არის დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებაში. მისი თქმით, სომალის ინტერესში შედის საქართველოს გამოცდილების გაზიარება ქვეყანაში რეფორმების გატარების კუთხით. პრეზიდენტმა ასევე გამოხატა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.
ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის სურვილს, გააღრმაოს ურთიერთობები მსოფლიოს, მათ შორის აფრიკის ქვეყნებთან. საქართველოს საკუთარი წვლილიც შეაქვს კონტინენტის სტაბილურობასა და განვითარებაში, რა მიზნითაც ქართველი სამხედროები მონაწილეობენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში. ელჩმა ასევე დაგმო აფრიკის რქის რეგიონში ტერორისტული დაჯგუფება ალ-შაბაბის საქმიანობა, რომლის მიზანია სომალიში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებისთვის ხელი შეშლა.
ელჩმა პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ვითარების, ბოლო დროს განხორციელებული რეფორმების შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანა მზადაა გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება მეგობარ სახელმწიფოებს, მათ შორის სომალის.
პრეზიდენტთან შეხვედრამდე გაიმართა ელჩის შეხვედრა სომალის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბდირაჰმან დუკაალე ბაილესთან, რომელსაც ვახტანგ ჯაოშვილმა გადასცა რწმუნებათა სიგელის ასლი.