.jpg&im_new_w=250)
2014 წლის 1 სექტემბერს შედგა ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ერკკი ტუომიოიას ვიზიტი საქართველოში. აღნიშნული ვიზიტი, ფინეთის მხრიდან, საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს.
საქართველოს და ფინეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა ძირითადი ყურადღება დაუთმეს ევროკავშირთან თანამშრომლობას და, კერძოდ, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მაია ფანჯიკიძემ იმედი გამოთქვა, რომ ფინეთი დროულად მოახდენს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას და შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს ექსპერტულ მხარდაჭერას გაუწევს.
ერკკი ტუომიოიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ფინეთის მთავრობის მზადყოფნა, სათანადო დახმარება გაუწიოს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და რეფორმების შესახებ. განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და რეგიონში შექმნილი ვითარება. ხაზი გაესვა საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საკითხს. მაია ფანჯიკიძემ მადლობა გადაუხადა ერკკი ტუომიოიას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ფინელი დამკვირვებლების მონაწილეობისათვის.
საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა იღონოს უკრაინაში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად.
ვიზიტის ფარგლებში ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერკკი ტუომიოიამ შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პრემიერ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან დავით ბაქრაძესთან.
ასევე, ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გვირგვინით შეამკო საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.
2014 წლის 1 სექტემბერი