
2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების 431-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო შეთანხმების კონკრეტული მუხლების დროებითი გამოყენება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დროებით ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმების დაახლოებით 80%, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტის ჩათვლით.
კერძოდ, ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნოს ნოტის (ინგლისურ ენაზე;ქართულ ენაზე) თანახმად, დროებითი გამოყენება შეეხება ასოცირების შეთანხმების შემდეგ ნაწილებს:
- კარი I;
- კარი II: მუხლები 3-4 და 7-9;
- კარი III: მუხლები 13 და 16;
- კარი IV: (151-ე, 223-ე და 224-ე მუხლების გარდა);
- კარი V: მუხლები 285 და 291;
- კარი VI: თავი 1 (293(a), 293(e); 294(2)(a); 294(2)(b) პუნქტების გარდა); თავი 2 (298(k) პუნქტის გარდა); თავი 3 (302(1) პუნქტის გარდა); თავი 7; თავი 10 (333(i) პუნქტის გარდა); თავი 11 (338(b) პუნქტისა და 339-ე მუხლის გარდა); თავი 13; თავი 20; თავი 23. ასევე, მუხლები 312, 319, 327, 354 და 357.
- კარი VII;
- კარი VIII (423(1) პუნქტის გარდა); - შეთანხმების II-XXXI დანართები და XXXIV დანართი, ასევე, შეთანხმების I-IV ოქმები.
ასოცირების შეთანხმების დროებითი გამოყენების პერიოდის განმავლობაში, მოქმედებას განაგრძობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის 22 აპრილის შეთანხმების ის დებულებები, რომლებიც არ ექცევა ასოცირების შეთანხმების ნაწილების დროებითი გამოყენების ფარგლებში. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება სრულად დაკარგავს ძალას ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან. ამისათვის, საჭიროა ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანოებმა დაასრულონ რატიფიკაციის პროცესი. ამ კუთხით, დღეისათვის, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება რატიფიცირებული აქვთ რუმინეთს, ლიტვას, ლატვიასა და ბულგარეთს.
შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით საქართველომ და ევროკავშირმა 26 ივნისს დაამტკიცეს სპეციალური დოკუმენტი - „ასოცირების დღის წესრიგი", რომელიც წარმოადგენს ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების ნუსხას 2014-2016 წლებისთვის. ამასთან, საქართველოს მთავრობამ მიიღო ასოცირების შეთანხმების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულება უკვე დაწყებულია.
პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
2014 წლის 1 სექტემბერი